ქარტიაში გაწერილი ვალდებულებების შესრულების დაპირების გარდა პოლიტიკური სუბიექტები ელექტორატს მთავარ წინასაარჩევნო გზავნილებს აცნობენ.
ევროკავშირში ინტეგრაციის დაჩქარება, დასაქმება და ახალი სოციალური პაკეტები თითქმის ყველა პოლიტიკური აქტორის წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი ხაზია. თუმცა, ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის მთავარი საარჩევნო გეგმა ლიდერის მომავალს უკავშირდება. „სტრატეგია აღმაშენებელთან“ ალიანსში მყოფი განახლებული „ნაციონალური მოძრაობა“ ამომრჩეველს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ჰპირდება. საინტერესოა, აღმოჩნდება თუ არა ეს საკითხი დილემა იმ ოპოზიციურ ძალებთან ურთიერთობის პროცესში, რომლებთანაც ყოფილი მმართველი პარტია არჩევნების შემდეგ კოალიციურ თანამშრომლობას აანონსებს და რომლებმაც, არაერთი მოწოდების მიუხედავად, წინასაარჩევნოდ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანებაზე უარი თქვეს და რამდენიმე ცენტრად დაიყვნენ. თუმცა, ეს გამიჯვნა ფორმალურ ხასიათს ატარებს მმართველი გუნდისთვის, რომელიც ოპონენტების სამოქმედო სტრატეგიაში კონკრეტული დაპირებების ნაცვლად მხოლოდ პროცესების რადიკალიზაციის გეგმას ხედავს.