ოპოზიციის გეგმები

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს დემონსტრანტები უკვე ერთ თვეზე მეტია აპროტესტებენ. ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით, ქართველი ხალხისთვის ეს კანონი წითელი ხაზია დასავლური განვითარების გზაზე. მათივე თქმით, არ არსებობს კონკრეტული გეგმა, არსებობს მხოლოდ მიზანი, რომ კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ უნდა გაიწვიონ.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ქუჩის მშვიდობიანი პროტესტი გაგრძელდება. მმართველ პარტიაში კი აცხადებენ, რომ ოპოზიციის გეგმა რევოლუციური სცენარია და ამაში საზოგადოებაც ძალიან მალე დარწმუნდება. მათივე თქმით, ეროვნულია აღნიშნული კანონი და სუვერენიტეტის დაცვას ემსახურება.