ოპოზიცია 2024 წლის არჩევნებისთვის მზადებას განაგრძობს. გამარჯვების მთავარ გზას მმართველი პარტიის ოპონენტების ნაწილი ერთობლივ ქმედებებში ხედავს. „ლელო“ პოლიტიკურ ჯგუფებს მის ირგვლივ გაერთიანებისკენ მოუწოდებს. თუმცა, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ რაიმე ტიპის თანამშრომლობას წინასწარ გამორიცხავს. პარტიაში ამბობენ, რომ ყოფილ სახელისუფლებო გუნდთან ღირებულებითი სხვაობა აქვთ.
თავის მხრივ, „ლელოს“ პოზიცია გაუგებარია „ნაციონალური მოძრაობისთვის“. მათი თქმით, კოლეგების მსგავსი განცხადებები მხოლოდ ოპოზიციაში განხეთქილების შეტანას ემსახურება. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, მის გარშემო გაერთიანების მომხრეა. ამ პოზიციას ეთანხმება „სტრატეგია აღმაშენებელიც“. პოლიტიკოსების დიდ ნაწილს კი რომელიმე კონკრეტული პარტიის ირგვლივ გაერთიანების გეგმა არ მოსწონს. ოპოზიციის ერთობის იდეა არასერიოზულია მმართველი გუნდისთვის.