ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციის სამოქმედო სტრატეგია ყოველდღიური აქციები და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციაა.
სწორედ ამ გზით ესახებათ ხელისუფლების ოპონენტებს საარჩევნო დარღვევებზე საერთაშორისო გამოძიების ჩატარება და ასევე საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციის ზედამხედველობით ხელახალი არჩევნების დანიშვნა. უცხოელ პარტნიორებთან კომუნიკაციის პარალელურად ოპოზიციური სუბიექტები მთავარ ამოცანად პარლამენტის პირველ სხდომამდე საპროტესტო მუხტის შენარჩუნებას და ამ მუხტის კიდევ უფრო გაზრდას აცხადებენ. როგორც ჩანს, არალეგიტიმურად მიჩნეული პარლამენტისთვის დისკომფორტის შესაქმნელად და პოლიტიკური კრიზისის მისაღწევად დღის წესრიგში რჩება კარვების მომარაგების გეგმაც. ოპოზიცია სტრატეგიას ბოლომდე არ ამხელს და ნაწილს საიდუმლოდ ტოვებს, თუმცა წინმსწრები განცხადებები ამ გეგმის გარკვეულ კონტურებს ხაზავს. საკუთარ განცხადებებში შეუვალია მმართველი გუნდიც, რომელიც, 2020 წლისგან გასხვავებით, ოპონენტებთან მოლაპარაკებას გამორიცხავს და საკონსტიტუციო უმრავლესობის არარსებობის პირობებშიც კი ცალკეული პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების ალბათობასაც კი უშვებს.