მზადება 9 აპრილის აქციისთვის.
დანარჩენი ოპოზიციის სკეპტიციზმის მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობა“ ლევან ხაბეიშვილის გეგმას ძალაში ტოვებს და რუსთაველის გამზირზე დაანონსებული აქციისთვის მხარდამჭერთა მობილიზებას ახდენს. ქვეყნის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ დღეს პარტია მოქალაქეებს პარლამენტის წინ ევროპული კურსის მხარდასაჭერად ეპატიჟება, თუმცა დიდი ალბათობით შეკრებაზე კონკრეტული პოლიტიკური მოთხოვნებიც გაჟღერდება – მათ შორის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების და უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის შესახებ. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომელმაც ხელისუფლებას ევროკომისიის 12 პუნქტზე მუშაობის დასაწყებად ვადა სწორედ 9 აპრილამდე მისცა, პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად მმართველ გუნდზე ზეწოლის მთავარ გზას სწორედ აქციებში ხედავს და იმისთვის, რომ თან აქციას პარტიული სახე არ ჰქონდეს, დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციებს მართავს. თუმცა, შეკრების მიზნები და იდეა, ისევე როგორც ისტორიული თარიღის შერჩევა, საპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილისთვის გაუგებარია, რის გამოც აქციას არ უერთდებიან.