„ქართული ოცნების“ გზავნილებს გამოგონილს უწოდებენ ოპოზიციაში. მმართველი გუნდის ოპონენტები თანხმდებიან, რომ მოსახლეობას სხვა უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები აწუხებს, ხოლო „ქართული ოცნების“ მხრიდან ამ გამოწვევების უგულებელყოფა მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ მას პოზიტიური დაპირებების გაცემის შესაძლებლობა ამოწურული აქვს. ოპოზიციას არც ის სჯერა, რომ მმართველი პარტია საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს. „ოცნების“ ამ მიზნის მიღმა სხვა პარტიებისგან რადიკალურად განსხვავებულ მიზნებს ხედავენ „ლელოში“, სადაც ამბობენ, რომ „ქართული ოცნება“ რუსეთის სასარგებლოდ, აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას გეგმავს.