მოახერხებს თუ არა ,,ნაციონალური მოძრაობის” ახალი თავმჯდომარე ახალი ოპოზიციური გაერთიანების შექმნას, რომელიც თვეებია, ვერ ხერხდება.
კითხვამ კიდევ უფრო მეტი აქტუალობა „ლელოს“ ლიდერის ბოლო მოწოდების ფონზე შეიძინა. ახალი ძალების გაერთიანების დროა – ასეთი იყო შიდა არჩევნების დასრულებიდან მალევე მამუკა ხაზარაძის გზავნილი. თუმცა, ხაზარაძეს, რომლის პოლიტიკური ძალა ერთ წელზე მეტია დამოუკიდებელი გეგმით მოქმედებს და ბოლო პერიოდში თავად იშვიათად ჩანს, გაერთიანების აუცილებლობაში პირველ რიგში თანაგუნდელების დარწმუნება მოუწევს. ხაბეიშვილის გამარჯვების შემდეგ „ლელოს“ ლიდერთა ნაწილს ყოფილი ძალოვნების გავლენების გაძლიერების არგუმენტით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობა არ სურს. გაჩნდა სხვა კითხვაც – ხომ არ გეგმავს „ლელოში“ გადასვლას უკვე ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია, რომელიც 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების დროს ხაზარაძის გუნდთან აქტიურად თანამშრომლობდა.
გიორგი კობერიძე არკვევდა, როგორ აისახება „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩატარებული არჩევნების შედეგი ოპოზიციურ ფლანგზე და რა გადაჯგუფებებია მოსალოდნელი.