სკეპტიციზმის და ნეგატიური რეაქციების მიუხედავად, გიორგი ვაშაძე, ზურა ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია ოპოზიციის გაერთიანების იდეას პოლიტიკური დღის წესრიგიდან არ ხსნიან.
ინიციატივის ავტორები ქვეყნის გადარჩენის ერთადერთ გზას საერთო ეროვნული და პროევროპული მოძრაობის დაწყებაში ხედავენ და ბრძოლის შედეგსა და ერთობაში გაწევრიანებული პოლიტიკური ძალების რაოდენობას შორის ტოლობის ნიშანს სვამენ. თუმცა, იდეის რეალობად ქცევის პერსპექტივა სულ უფრო ბუნდოვანი ხდება. გაერთიანების ერთ-ერთ ინიციატორს ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიიდან წარსულში გაკეთებულ საპირისპირო შინაარსის განცხადებებს ახსენებენ, არათანმიმდევრულობაზე მიუთითებენ და ურჩევენ, რომ მცირე პარტიებმა გაძლიერებაზე იზრუნონ. საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტისკენ მოწოდების გამო ვაშაძე-ხოშტარია-ჯაფარიძის შეთავაზება სერიოზულად არც სხვა საპარლამენტო პარტიებში განიხილება. სხვადასხვა არგუმენტით და ძველი თანამშრომლობის გამოცდილებით ინიციატივა საკანონმდებლო ორგანოს გარეთ დარჩენილი პარტიებისთვისაც მიუღებელია.