შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიცია საპარლამენტო საქმიანობაში სრულფასოვნად ჩართვას სამშაბათიდან გეგმავს.
პირველ ეტაპზე ისინი ბიუროს სხდომას დაესწრებიან, სადაც ამნისტიის შესახებ კანონპროექტები დარეგისტრირდება, შემდეგ კი პროექტებზე მსჯელობაშიც ჩაერთვებიან. ოპოზიცია აპირებს მონაწილეობა მიიღოს ყველა იმ საკითხის განხილვაში, რომელიც მათი თქმით საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია. ამ გადაწყვეტილების განმაპირობებელი, გუშინ პარლამენტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები გახდა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ისარგებლა იმ ფაქტით, რომ ოპოზიცია არ არის სრულფასოვნად ჩართული საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში და ანტიდემოკრატიული გადაწყვეტილება მიიღო. შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიცია მოქმედების სტრატეგიასა და გეგმებზე ორი საათის განმავლობაში მსჯელობდა.