განმეორდება თუ არა 2020 წლის სცენარი – ოთხი წლის წინანდელი პოსტსაარჩევნო სიტუაციის მსგავსად, ოპოზიცია პარლამენტს ამჯერადაც ბოიკოტს უცხადებს. როგორც მაშინ, საჯაროდ დადებული პირობა ოპოზიციური სუბიექტების ნაწილმა ახლაც წერილობით დაადასტურა. თუმცა, წარსული მაგალითების გათვალისწინებით ბოიკოტის გეგმას სკეპტიკოსებიც ჰყავს. მემორანდუმის გაფორმების მიუხედავად, 2020 წლის არჩევნებიდან რამდენიმე თვეში პარლამენტში მაინც შევიდნენ ის პოლიტიკური აქტორები, რომლებიც მანდატებზე მანამდე კატეგორიულ უარს აცხადებდნენ. რამდენად მტკიცე აღმოჩნდება ბარიერგადალახული ოთხი ოპოზიციური სუბიექტის პოზიცია ამჯერად – ეჭვებს რამდენიმე გარემოება აჩენს. ორ ოპოზიციურ ალიანსს, რომლებიც ჯერ კიდევ პარლამენტის შეკრებამდე საარჩევნო სიების ჩახსნას ითხოვენ, არ შეუერთდა ორი სუბიექტი. მათ შორის გიორგი გახარიას გუნდი, რომელსაც პარლამენტის ბოიკოტირების პირობა დადებული აქვს, თუმცა არც აქციებზე და არც კონსულტაციებზე დანარჩენ ოპოზიციასთან ერთად არასდროს ჩნდება.