ათონელის სასახლეში შეხვედრები დაიწყო, თუმცა არასრული შემადგენლობით. საპარლამენტო ტრიბუნიდან შეთავაზების შემდეგ ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილთან ახლა პირადად არკვევს, რა იგულისხმება ერთიანობის ქარტიის შექმნაში.
პრეზიდენტის ადმინისტრაციას პირველები ლელოს“ ლიდერები ესტუმრნენ. ინიციატივის გარშემო დაანონსებულ კონსულტაციებში მონაწილეობას ოპოზიციის თითქმის სრული შემადგენლობა გეგმავს. მათ ნაწილს აინტერესებს, ევროპული მომავლის გარშემო გაერთიანების ქარტია მოიაზრებს თუ არა პოლიტიკური ძალის შექმნასაც, რისი ეჭვიც მმართველ გუნდს გუშინდელი განცხადების შემდეგ კიდევ უფრო გაუმყარდა. ოპოზიციურ ფლანგზე არიან ისეთებიც, რომლებიც პრეზიდენტის მიერ წამოწყებული პროცესის მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილნი.