რეზონანსული კანონპროექტის მიღების შემდეგ მოსალოდნელი პოლიტიკური გადაჯგუფებები. პროტესტის და ნეგატიური საერთაშორისო გამოხმაურების ფონზე დამტკიცებულმა კანონპროექტმა შესაძლოა დღემდე მიუღწეველი ამოცანა რეალობად აქციოს და საერთო ოპოზიციური ფრონტის შექმნა უზრუნველყოს. გაერთიანების და მაქსიმალური კოორდინაციის აუცილებლობაზე თითქმის ყველა პოლიტიკური აქტორი თანხმდება. ოპოზიციური პარტიების ნაწილი ერთიანი საარჩევნო სიის მომზადებაზეც ალაპარაკდა. ახლა საინტერესოა, როგორი იქნება მმართველ გუნდთან მწვავედ დაპირისპირებული პრეზიდენტის როლი. სალომე ზურაბიშვილმა ევროპული პლატფორმის სათავეში ჩადგომა უკვე დააანონსა. ჩნდება კითხვა, გეგმავს თუ არა თავადაც არჩევნებში მონაწილეობას პრეზიდენტი, რომელსაც უფლებამოსილება სწორედ ახალი პარლამენტის არჩევის შემდეგ ეწურება. წინასწარმა განცხადებებმა გარკვეული კონფიგურაციები უკვე გამოკვეთა.