საინტერესოა, რამდენად გაითვალისწინებს ქართული პოლიტიკური სპექტრი ევროკომისიის გზავნილებს და ჩაერთვება თუ არა 12 პუნქტზე მუშაობის პროცესში ყველა პოლიტიკური ძალა.
თუ ინკლუზიური პროცესის წარმართვისკენ მანამდე საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები იგნორირებული იყო, ახლა რიტორიკა შეიცვალა. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, რომლის პარტია სამუშაო პროცესს ივნისშივე გაემიჯნა, ცოტა ხნის წინ კი საპარლამენტო ბოიკოტი გამოაცხადა, სწორედ 12 პუნქტზე სამუშაოდ პოზიციის გადახედვას და ბოიკოტის შეწყვეტას არ გამორიცხავს. საინტერესოა, რომ პაატა მანჯგალაძის ამ განცხადებას წინ ბრიუსელსა და სტრასბურგში მისი პარტიის ლიდერის, გიორგი ვაშაძის ვიზიტი უძღოდა. პარტიულ ბოიკოტს გამიჯნულია და სამუშაო პროცესში ჩართვის აუცილებლობაზე საუბრობს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრი ხატია დეკანოიძეც, რომელიც სწორედ ბოიკოტის და სხვა საკითხების გარშემო თანაგუნდელებთან აზრთა სხვადასხვაობის გამო პარტიიდან წასვლასაც არ გამორიცხავს. ევროკავშირის კანდიდატობისთვის საჭირო 12-ვე პუნქტის შესრულების მთავარი გზა საკანონმდებლო მუშაობაზე გადის დანარჩენი საპარლამენტო ოპოზიციისთვისაც, რომელიც დღემდე ბოიკოტში მყოფ კოლეგებს პროტესტის ამ ფორმის გადახედვისკენ მოუწოდებს.