საპროტესტო გამოსვლები არ წყდება.
ოპოზიციასთან ერთად ქუჩაში ევროპის რვა ქვეყნიდან ჩამოსული პარლამენტარებიც დგანან. „ჩვენ ვართ ევროპა“ – ამ ლოზუნგით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია პოლიტიკური ბრძოლის ეპიცენტრად რჩება.
საპარლამენტო არჩევნებიდან ორი კვირის შემდეგ ბარიერგადალახული, თუმცა ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციური სუბიექტები ხელახალი არჩევნების მიღწევას ერთი მხრივ საპროტესტო აქციებით და მეორე მხრივ ხელისუფლებაზე საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერებით ცდილობენ. პოლიტიკურ სცენაზე ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად უცხოელი პოლიტიკოსებიც ავიდნენ. ევროპის რვა ქვეყნის საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები აქციაზე სიტყვით გამოვიდნენ. ბოლო თვეებში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა უცხო ქვეყნების პოლიტიკოსები თბილისში მიმდინარე ანტისამთავრობო აქციას შეუერთდნენ და ოპოზიციის მხარდამჭერებს მიმართეს. ანალოგიურ ფაქტს ჰქონდა ადგილი ექვსი თვის წინ, როცა პარლამენტმა მწვავე პროტესტის ფონზე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი მიიღო.
რა განცხადებები კეთდება რუსთაველის გამზირზე, – შალვა სუმბაძე აშუქებს საპროტესტო გამოსვლას.