ოპოზიციის აქცია და გადაკეტილი ქუჩები

პროტესტის რადიკალური ფორმა და გადაკეტილი ქუჩები – 24 საათის განმავლობაში პარალიზებული იყო თბილისის ერთ-ერთი მთავარი გამზირი.

ვაკეში კარვები გაიშალა. ჭავჭავაძის გამზირი ოპოზიციის წინააღმდეგობრივი მოძრაობის ეპიცენტრად იქცა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ გზა ტომრებით და ნაგვის ურნებით ჩახერგეს, გადაკეტილი იყო მელიქიშვილის ქუჩისკენ მიმავალი გზაც. მთელი ღამის და დღის განმავლობაში ადგილზე „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ და კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ლიდერები იმყოფებოდნენ, პროტესტის ამ ფორმას არ შეუერთდა გიორგი გახარიას გუნდი, რომელიც დანარჩენ ოპოზიციურ სუბიექტებთან ერთად თითქმის არასდროს ჩნდება. მოთხოვნაა 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების საერთაშორისო გამოძიება და ხელახალი არჩევნების ჩატარება. სამოქმედო სტრატეგიაა, რომ ვაკიდან წინააღმდეგობრივი მოძრაობა მთელ ქალაქში უნდა გაიშალოს.