ცალკე მომუშავე ოპოზიციამ დღეს ევროკომისიის პუნქტების შესასრულებლად ალტერნატიული ხედვა წარმოადგინა.
„ნაციონალური მოძრაობის“, „სტრატეგია აღმაშენებლის,“ „ლელოს“ და დამოუკიდებელი დეპუტატების მიერ მომზადებული დოკუმენტი არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად არის შემუშავებული. თუმცა, კანონპროექტების ნაცვლად ხედვაში ძირითადად მოთხოვნებია გაწერილი. მათ შორისაა მიშელის შეთანხმების აღდგენა, საარჩევნო ბარიერის დაწევა, იუსტიციის საბჭოს რეფორმირება, მედია საშუალებების მიმართ მიმდინარე გამოძიებების და სასამართლო პროცესების შეწყვეტა, ასევე ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა. როგორც დაანონსებული იყო, ცალკე არ მოხდა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის დაინიცირებაც. ალტერნატიული ჯგუფის მიერ წარდგენილი დოკუმენტი ხელისუფლების გარდა ოპოზიციის იმ ნაწილმაც გააკრიტიკა, რომელიც ევროკომისიის პუნქტების შესასრულებლად „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობს. ახლა საინტერესოა, საკომიტეტო განხილვების დროს არსებობს თუ არა ცალკეული ალტერნატიული წინადადებების გაზიარების და კომპრომისულ ვარიანტებზე შეჯერების პერსპექტივა.