პროტესტი ქუჩაში და მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან – ხუთდღიანი კონსულტაციების შემდეგ ოპოზიცია ერთობლივ გეგმას აანონსებს.
დილიდან გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიციურ სუბიექტებს კონკრეტული სამოქმედო სტრატეგია დღეს უნდა წარმოედგინათ, თუმცა გეგმის გაცნობა ორშაბათისთვის გადავადდა. სწორედ ორშაბათს აპირებს ოპოზიცია მორიგი საპროტესტო აქციის გამართვას. მოთხოვნა უცვლელია – ხელისუფლების ოპონენტები მასობრივი გაყალბების არგუმენტით საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. ბარიერგადალახული, თუმცა ბოიკოტის რეჟიმში გადასული ოპოზიციური პარტიები იმ სქემების გასაჯაროებასაც აანონსებენ, რომლებიც, მათი მტკიცებით, არჩევნების სხვადასხვა მეთოდით გაყალბებას ადასტურებს. განცხადება „ძლიერი საქართველოს“ ოფისიდან გაკეთდა. მას მხოლოდ სამი ოპოზიციური სუბიექტი ესწრებოდა. პრესკონფერენციაზე წარმოდგენილი არ იყო გიორგი გახარიას პარტია.