შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის სანქცირების შემდეგ საპარლამენტო ოპოზიცია საკანონდებლო ორგანოში სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. დეპუტატები პრეზიდენტს მიმართავენ საკითხზე 10 აპრილს მოიწვიოს რიგგარეშე სხდომა. ოპოზიციაში აღნიშნავენ, რომ კენჭისყრა იქნება ერთგვარი ტესტი ოპოზიციისთვის, ვინ დაუჭერს და ვინ არ დაუჭერს მხარს საგამოძიებო კომისიის შექმნას. ინიციატივა პარლამენტში ჯერ კიდევ შარშან არსებობდა. საგამოძიებო კომისიის შექმნას 50 კანონმდებლის მხარდაჭერა სჭირდება. საგამოძიებო კომისიის შექმნის გადაწყვეტილებას არც საპარლამენტო უმრავლესობაში გამორიცხავენ. „ქართული ოცნების“ დეპუტატებს არ ესმით, რატომ არის აუცილებელი რიგგარეშე სხდომის მოწვევა, როდესაც მიმდინარე კვირაში პარლამენტის სხდომები ისედაც ჩანიშნულია.