კანდიდატის სტატუსზე ევროკომისიის დადებითმა რეკომენდაციამ საარჩევნო ბარიერის თემა პოლიტიკური დღის წესრიგში დააბრუნა.
ოპოზიცია ხელისუფლებას ერთი წლის წინანდელ დაპირებას ახსენებს და მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერის 5%-დან 2%-მდე დაწევას სთხოვს. საუბარია მმართველი გუნდის ლიდერების მხრიდან 2022 წლის ზაფხულში გაკეთებულ განცხადებებზე, რომელთა მიხედვით საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში ბარიერის შემცირების საკითხი გადაწყვეტილი იქნებოდა. თუმცა, ხელისუფლება ოპონენტებს ახსენებს, რომ „ქართულ ოცნებას“ სწორება 2022 წლის ბოლოზე ჰქონდა და არა 2023 წელზე. როგორც ჩანს, პარლამენტი ერთი მოსმენით მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტს აღარ მიუბრუნდება, რადგან ხელისუფლება ბარიერის დაწევის საკითხს აღარ განიხილავს. ოპონენტები მმართველ პარტიას დანაპირების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ და წინასაარჩევნო გადაჯგუფებებზე იწყებენ ფიქრს.