პოლიტიკურ დღის წესრიგში მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნა აქტიურდება. ოთხი თვის წინ სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებული ნიკა გვარამია სახელმწიფოს მეთაურს მიმართავს, რომ ანალოგიური გადაწყვეტილება ყოფილი პრეზიდენტის მიმართაც მიიღოს.
მიუხედავად იმისა, რომ კლინიკის ექიმები და სახალხო დამცველის აპარატიც ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის დადებით დინამიკაზე საუბრობენ და თავად პატიმარიც ბოლო პერიოდში პოლიტიკურად გააქტიურებულია, შეწყალების მოთხოვნის ერთ-ერთ არგუმენტად ჯანმრთელობის მდგომარეობა სახელდება. გვარამიას მიმართვას იზიარებს ოპოზიციის ნაწილიც. „არა და არასდროს“ – ახლა საინტერესოა, შეცვლის თუ არა არაერთხელ ხაზგასმულ ამ პოზიციას თავად პრეზიდენტი. თუმცა, ასეთი გადაწყვეტილების შემთხვევაშიც კლინიკაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი თავისუფლებას დიდი ხნით მაინც ვერ მოიპოვებს, რადგან მის წინააღმდეგ აღძრული რამდენიმე სისხლის სამართლის საქმიდან განაჩენი მხოლოდ ორ საქმეზეა გამოტანილი. თუმცა, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, მმართველ გუნდს პრეზიდენტის ქმედების პროგნოზირება უჭირს.