ოპოზიცია პარლამენტის ბოიკოტირების გეგმაზე ვერ თანხმდება

იქნება თუ არა მე-11 მოწვევის პარლამენტი ერთპარტიული – საკანონმდებლო ორგანოს ბოიკოტირება ბარიერგადალახულ ოპოზიციურ სუბიექტებს სხვადასხვანაირად ესახებათ.

მამუკა ხაზარაძე საკუთარ შეთავაზებაზე დანარჩენი ოპოზიციის გამოხმაურებას მეორე დღეა, ელის. ოთხივე სუბიექტს დადასტურებული აქვს, რომ ახალ პარლამენტში არ იმუშავებს. ზეპირი განცხადებები არასაკმარისია მეორე ადგილზე გასული კოალიციისთვის, რომელმაც ცესკო-ს სიების ჩახსნის მოთხოვნით უკვე მიმართა. და ეს მაშინ, როცა საარჩევნო კოდექსი პარლამენტის პირველ სხდომამდე მსგავს დაშვებას არ ითვალისწინებს. პოპულიზმად შეფასებული ნაბიჯის და სხვა ინტერპრეტაციების შემდეგ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი ოპოზიციას სთავაზობს, რომ მანდატებზე უარი წერილობითად ერთად და ერთი პროცედურით დაადასტურონ. შეთავაზება ჯერ ღიად რჩება. უკვე ცნობილია, რომ მას ამჯერადაც არ მიიღებს გიორგი გახარიას გუნდი, რომელიც დანარჩენ სამ ოპოზიციურ სუბიექტთან ერთად არც აქციებზე და არც შეხვედრებზე ჩნდება და ცალკე სტრატეგიით მოქმედებს. ბოიკოტით ოპოზიცია პარლამენტის დელიგიტიმაციას ცდილობს, თუმცა კანონმდებლობაზე დაყრდნობით პარლამენტის ლეგიტიმაციისთვის პრობლემის შექმნას გამორიცხავს მმართველი გუნდი, რომელიც 2020 წლის სცენარის გამეორებას ელოდება.