ონლაინკონფერენცია „სამხრეთ კავკასია და დასავლეთი“

საქართველოში არსებული ვითარება იყო განხილვის ერთ-ერთი თემა ონლაინკონფერენციაზე, რომელიც ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფის ინიციატივით გაიმართა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე მეთიუ ბრაიზა ამბობს, რომ ხარვეზების მიუხედავად, ოქტომბრის არჩევნები ფუნდამენტურად კონკურენტულად ჩატარდა და შედეგები ქართველი ამომრჩევლის ნებას გამოხატავდა. მან ოპოზიციას მიღებული მანდატების გამოყენებისკენ  მოუწოდა.

მისივე განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეჭრა და პარტიის თავმჯდომარის დაკავება, არის დიდი და მიუღებელი ესკალაცია. ასეთი უნდა იყოს ჩვენი გზავნილი მთავრობისადმი, თუმცა, უნდა დავიცვათ ბალანსი, – ამბობს ბრაიზა. „ჰერიტიჯის ფონდის“ მკვლევარმა, ლუკ კოფიმ კი განაცხადა, რომ შეერთებული შტატები და ევროკავშირი ქვეყანას ევროატლანტიკური სივრცისკენ მიმავალ გზაზე უნდა დაეხმარონ.