უკრაინის აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად იძაბება.
ქვეყანა საომარი მოქმედებების განახლების ზღვარზეა. ოფიციალური კიევის მტკიცებით, რუსეთს უკრაინის საზღვრისკენ დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკა და საჯარისო ნაწილები გადაჰყავს, რასაც შესაძლოა უკრაინაში შეჭრა მოჰყვეს. უკრაინის სასაზღვრო ზონაში ჯარების გადაადგილებას ადასტურებენ მოსკოვშიც და ამ ფაქტს საკუთარი უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობით ხსნიან. უკრაინის ხელისუფლება დონბასში ცეცხლის სრული შეწყვეტის ინიციატივით გამოვიდა, თუმცა კიევში ამბობენ, რომ რუსებმა პირველი აპრილის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის უზრუნველყოფაზე უარი განაცხადეს. დონბასში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, აშშ-ის ევროპულმა სარდლობამ დაკვირვების დონე უმაღლეს, პოტენციური გარდაუვალი კრიზისის ნიშნულამდე გაზარდა.