ევროკავშირის ოთხი ქვეყნის პირველი პირები უკრაინაში არიან.
გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის და რუმინეთის ლიდერები ომში მყოფ ქვეყანაში სოლიდარობის და მხარდაჭერის დემონსტრირებისთვის ჩავიდნენ. რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ განადგურებული ირპენის მონახულების შემდეგ იყო შეხვედრა ვოლოდიმერ ზელენსკისთან. მთავარი გზავნილია, რომ მომდევნო კვირას უკრაინამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს. გაიცა დაპირებები ანტისაჰაერო თავდაცვითი სისტემების და თანამედროვე შეიარაღების მიწოდებაზეც, რაც ახლა კიევის მთავარი მოთხოვნაა. ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარების და სამხედრო დახმარების გარდა უკრაინის პრეზიდენტმა ევროპელ ლიდერებს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების მიღებაც სთხოვა.