ომი უკრაინაში

ლუგანსკის ოლქი რუსეთის შეტევის ძირითად სამიზნედ რჩება.

სევეროდონეცკი ერთ-ერთი მთავარი ცხელი წერტილია. საოკუპაციო ძალები ქალაქზე სრული კონტროლის დასამყარებლად ყველა სახის შეიარაღებას იყენებენ. შეტაკებების ეპიცენტრია ხარკოვიც. საომარი მოქმედებების პარალელურად სულ უფრო მძიმდება უკრაინული პორტების ბლოკადის შედეგად არსებული ვითარება. არაერთი მცდელობის თუ მოლაპარაკების მიუხედავად, მსოფლიო ლიდერები გლობალური სასურსათო კრიზისის განმუხტვას ჯერ ვერ ახერხებენ. ქვეყნების ნაწილს საკვების დეფიციტი ემუქრება. გაერო განვითარებად ქვეყნებში სოციალურ და ეკონომიკურ ქაოსს პროგნოზირებს. უკრაინის პორტებში ჩარჩენილი ტონობით მარცვლეულის თუ სხვა საკვები პროდუქტების ექსპორტისთვის უსაფრთხო ალტერნატიული დერეფნების მოძებნა ახლა საერთაშორისო ორგანიზაციების და მსოფლიო ლიდერების მთავარი საზრუნავია. დასავლეთი მოსკოვს შავი ზღვის ბლოკადის სასწრაფოდ შეწყვეტისკენ მოუწოდებს.