ოლივერ ვარჰეის განცხადება

გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი აცხადებს, რომ ევროკავშირის გაფართოება არა ვადების, არამედ ნების, ასევე ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების მხრიდან დაპირების შესრულების საკითხია. აღნიშნულის შესახებ ოლივერ ვარჰეიმ ესპანეთში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა. ევროკომისარს კითხვა დაუსვეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირი მზად უნდა იყოს 2030 წლისთვის ახალი წევრების მისაღებად.

ვარჰეის ასევე ჰკითხეს, რომელი ქვეყნებია ყველაზე მეტად დაახლოებული ევროკავშირთან, რაზეც მან აღნიშნა, რომ ყველაზე ახლოს ისინი არიან, რომლებიც პირველები შეასრულებენ პირობებს. მან მოუწოდა ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირის წევრობისკენ ისწრაფიან, დააჩქარონ საკუთარი სამუშაო.