მმართველი გუნდის მიერ მომზადებული კიდევ ერთი კანონი პრეზიდენტის ხელმოწერის გარეშე.
ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვნების დაცვის კანონი პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერით შევიდა ძალაში. სალომე ზურაბიშვილის ქცევამ სახელისუფლებო პარტიასა და პრეზიდენტს შორის ისედაც დაძაბული ურთიერთობა კიდევ უფრო გაამწვავა. სახელმწიფოს მეთაური ამჯერად საკანონმდებლო ორგანოს სპიკერის მწვავე კრიტიკის სამიზნედ იქცა. ისევე როგორც ოპოზიცია, რომელმაც კანონის განხილვებს ბოიკოტი გამოუცხადა. აკრძალვები ერთნაირ სქესიანი წყვილებისთვის და სქესის შეცვლის მსურველებისთვის და შეზღუდვები ლგბტ პროპაგანდის გავრცელებაზე – ხელისუფლება კანონის მიღების აუცილებლობას ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მასშტაბების ზრდით და მოსალოდნელი საფრთხეების პრევენციით ასაბუთებს. საკანონმდებლო ინიციატივის საჭიროებას ვერ ხედავს ოპოზიცია, რომელიც ბოლო წუთამდე კონკრეტული შეფასებებისგან თავს იკავებდა.