ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის საკანონმდებლო ინიციატივა
დღეს დასახელებული ოთხი გეგმიდან ერთი საკითხი, რის გამოც ხელისუფლებას საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება სჭირდება, მწვავე პოლიტიკური დაპირისპირების საგანია. ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის კანონპროექტის კონსტიტუციურ კანონად ქცევისთვის მმართველ გუნდს მინიმუმ 113 ხმა სჭირდება. ოპოზიციური სპექტრი არ აპირებს, მონაწილეობა მიიღოს იმ ცვლილებების განხილვის პროცესში, რომელთა დაინიცირება ხელისუფლებამ ფსევდოლიბერალური და ლგბტ პროპაგანდისგან დაცვის მოტივით ახსნა.
კრიტიკული გზავნილები ისმის უცხოელი პარტნიორებისგანაც. კანონპროექტს, რომელიც ქორწინების ალტერნატიული კავშირის რეგისტრირებას, ერთი და იმავე სქესის ადამიანების მიერ შვილის აყვანასა და სქესის შეცვლის მანიპულაციებს კრძალავს და საგანმანათლებლო დაწესებულებებს გარკვეულ შეზღუდვებს უწესებს, ამჯერად ვაშინგტონიდან აკრიტიკებენ. ამერიკელი სენატორის მწვავე გზავნილი თბილისში არაერთგვაროვნად მიიღეს.