„ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის განხილვა
„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტი ხვალინდელ სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილავს. პაკეტი, ჯამში, ერთ ძირითად და 19 მოქმედ კანონში შესატან ცვლილებებს მოიცავს. „ქართული ოცნების“ ავტორობით მომზადებული დოკუმენტით იკრძალება ერთნაირსქესიანთა ქორწინება, სქესის შეცვლის ოპერაციები, ცვლილებები ეხება შვილად აყვანას. ასევე „ლგბტ თემის პროპაგანდა“ იკრძალება განათლების სექტორში. საპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილი საკანონმდებლო პაკეტს მხარს არ უჭერს და არც საპარლამენტო განხილვებში ერთვება. მმართველი გუნდის ოპონენტების მხრიდან დაგეგმილი ცვლილება „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად ფასდება. ოპონენტების კრიტიკას უსაფუძვლოდ მიიჩნევენ მმართველ გუნდში. როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, „ფსევდოლიბერალური ღირებულებების პროპაგანდის მავნე ზეგავლენისგან არასრულწლოვანების და ოჯახური ღირებულებების დაცვა აუცილებელია და „ქართული ოცნების“ ამ ინიციატივას საზოგადოების უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს“.