84 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი – პარლამენტმა ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი მესამე მოსმენით დაამტკიცა.
პაკეტი ჯამში ერთ ძირითად და 19 მოქმედ კანონში შესულ ცვლილებებს მოიცავს. „ქართული ოცნების“ ავტორობით მომზადებული დოკუმენტით იკრძალება ერთნაირ სქესიანთა ქორწინება, სქესის შეცვლის მიზნით ნებისმიერი სამედიცინო მანიპულაცია და ლგბტ თემის პროპაგანდა განათლების სექტორში. ცვლილებები ეხება შვილად აყვანას, რისი უფლებაც მხოლოდ ჰეტეროსექსუალ პირებს ექნებათ. საპარლამენტო ოპოზიციის უდიდესმა ნაწილმა დოკუმენტს მხარი არ დაუჭირა და არც საპარლამენტო განხილვებში ჩაერთო. მმართველი გუნდის ოპონენტები ქვეყანაში ლგბტ თემის პროპაგანდის პრობლემას ვერ ხედავენ და პაკეტს „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილს უწოდებენ.
ოპონენტების კრიტიკას უსაფუძვლოდ მიიჩნევენ მმართველ გუნდში.