ოპონენტებისა და საერთაშორისო მოწოდებების მიუხედავად, ბოლო დროის ერთ-ერთი რეზონანსული კანონპროექტის განხილვა დასკვნით ფაზაშია. ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის პროექტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენით მიიღო. ეს ნიშნავს, რომ მმართველი გუნდის მიერ ინიცირებულ სადავო საკანონმდებლო ინიციატივას მალე პლენარულ სხდომაზე გაიტანენ. საკომიტეტო მოსმენების მსგავსად, ოპოზიცია არც მომდევნო განხილვებში აპირებს მონაწილეობას. „ქართული ოცნების“ მხრიდან ლგბტ და ფსევდოლიბერალური პროპაგანდისგან დაცვის მოტივით ინიცირებულ კანონპროექტს, წინასაარჩევნო პიარსვლად მიიჩნევენ ოპონენტები, თუმცა ამ საკითხზე ძირითადად ზოგადი განცხადებებით იფარგლებიან და კონკრეტიკას თავს არიდებენ.
სადავო ინიციატივა ერთსქესიანი წყვილებისთვის გარკვეულ შეზღუდვებს, ასევე სქესის შეცვლის მიზნით დაგეგმილი სამედიცინო მანიპულაციების აკრძალვასა და საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის მთელ რიგ რეგულაციებს აწესებს. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის შემდეგ მითითებული კანონპროექტი უკვე მეორე საკანონმდებლო ინიციატივაა, რომელსაც ბოლო პერიოდში დასავლეთის საკმაოდ მწვავე კრიტიკა და პროექტის უკან გაწვევის მოწოდება მოჰყვა.