ნოდარ ნათაძე გარდაიცვალა

93 წლის ასაკში პოლიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, ენათმეცნიერი, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და „სახალხო ფრონტის“ თავმჯდომარე ნოდარ ნათაძე გარდაიცვალა. მან საქართველოს სახალხო ფრონტი 1989 წელს დააარსა, 1989-90 წლებში იყო საქართველოს სსრ-ის უზენაესი საბჭოს წევრი, 1992-95 წლებში კი საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. ნოდარ ნათაძე საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ერთ-ერთი ხელმომწერია. ის მრავალი სამეცნიერო და პუბლიცისტური ნაშრომის ავტორი იყო.