“ნაციონალური მოძრაობის” წევრს სალომე სამადაშვილს ნინო კალანდაძემ უპასუხა. ის წერს, რომ გემი შეირყა და პირველი ვირთხებიც გამოჩნდნენ. ნინო კალანდაძის განცხადებით, ის არა გაერთიანებული ოპოზიციის, არამედ საკუთარი პოზიციიდან საუბრობს და არც აქციის ორგანიზებაშია ჩართული, თუმცა, თვლის, რომ აქციის სულისკვეთება და მოთხოვნები რომელიც გაჟღერდა, საზოგადოებაში არსებული განწყობის შესაბამისია და ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლებისგან მსგავსი პოზიციის დაფიქსირება დროული არ არის.
სოციალური ქსელის მეშვეობით მანამდე პოზიცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სალომე სამადაშვილმა გააკეთა. მან განაცხადა, რომ აღარ აპირებს მონაწილეობას აქციაში, რომელზეც გრიგოლ ვაშაძეს მიესალმებიან, როგორც საქართველოს პრეზიდენტს. სალომე სამადაშვილს მიაჩნია, რომ ნებისმიერი აქციის მოთხოვნები უნდა იყოს გამაერთიანებელი, შედეგზე ორიენტირებული, არ უნდა აფრთხობდეს დასავლელ მეგობრებს და არ უნდა შეჰყავდეს სიტუაცია ჩიხში. სალომე ზურაბიშვილის არალეგიტიმურობის გზავნილი და გრიგოლ ვაშაძის გამოცხადება კი საქართველოს პრეზიდენტად, არ აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს – აცხადებს სალომე სამადაშვილი.