საქალაქო სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ოჯახური ძალადობის საქმეზე უდანაშაულოდ ცნო. მოსამართლე ხათუნა ხარჩილავას გადაწყვეტილებით, ბასილაშვილი ფიზიკური ძალადობის ოთხ ეპიზოდზე და სისტემატურ ფსიქოლოგიური ძალადობის ეპიზოდებზე გამართლდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარემ საქმის ვერცერთ ნაწილზე პირდაპირი მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა.
პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება ნეკა დოროყაშვილი და განაჩენის გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში ერთი კვირის ვადაში გეგმავს. ჩოგბურთელის ყოფილი ცოლი აცხადებს, რომ ბრძოლას ბოლომდე აპირებს. „ამ ქალბატონმა განაჩენი გამოუტანა მთელი საქართველოს ქალებს. სამწუხაროა, რომ პირდაპირ სტრასბურგსა და გაერო-ში არ შეიძლება საქმის წაღება. მაინც მივიღებთ სამართლიანობას, ახლა ვიწყებ რეალურ ბრძოლას,“ – წერს დოროყაშვილი საკუთარ ფეისბუქზე.
თავად ნიკოლოზ ბასილაშვილი კი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მისთვის შვილთან ურთიერთობების აღდგენაა მნიშვნელოვანი.