ნიკა ობოლაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა

რა პროცესები მიმდინარეობს „ნაციონალურ მოძრაობაში“? ნიკა ობოლაძის მიერ პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით, შეფასებები კეთდება პოლიტიკურ სპექტრში. თავად „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ პატივს სცემენ ობოლაძის გადაწყვეტილებას, თუმცა მიიჩნევენ, რომ თუკი ის რაიმე პრობლემებს ხედავდა, ჯობდა საკითხი პარტიის შიგნით განეხილა. ოპოზიციური პარტიების ნაწილი მიმდინარე პროცესების შეფასებისგან თავს იკავებს, თუმცა მაგალითად, „გირჩში“ მიიჩნევენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული კრიზისი აშკარაა, რის დასაძლევადაც პარტიის დაშლა გარდაუვალი გამოსავალია. პარტიის დაშლის ნიშნებს ხედავენ მმართველ გუნდშიც. თავად ნიკა ობოლაძე კი პარტიის დატოვების შემდეგ აცხადებს, რომ ოპოზიცია კრიზისშია, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობა“ და ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში მზად არ არიან ახალი იდეებისთვის, გადატვირთვისთვის და ახალი ენერგიისთვის. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ დასუსტებულია და პოლიტიკური ცვლილებების განხორციელების უნარი არ შესწევს.