თბილისის საქალაქო სასამართლოში 2019 წლის 20-21 ივნისის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებულ ნიკა მელიას საქმის არსებითი განხილვის პირველი სხდომა გაიმართა. ადვოკატებმა დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე შუამდგომლობა დააყენეს. ერთი ეხებოდა პროცესის პირდაპირ ტრანსლირებას, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. აღნიშნულის მიზეზად, მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა დაასახელა ის, რომ პროცესს იღებს საზოგადოებრივი მაუწყებელი და სხვა მედიასაშუალებებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ მასალები. ადვოკატების კიდევ ერთი შუამდგომლობა ეხებოდა სასამართლო პროცესზე ნიკა მელიას დასწრებას. ნიკა მელია აღნიშნული საქმის ფარგლებში მოსამართლის მიერ პროცესიდან იყო გაძევებული. ამ შუამდგომლობას დაეთანხმა ბრალდების მხარეც. მოსამართლემ საბოლოოდ, ადვოკატების შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ნიკა მელიას მიეცა საშუალება სასამართლო სხდომას დაესწროს, ამიტომ პროცესი 13 აპრილისთვის გადაიდო, რომელსაც თავად ბრალდებული ნიკა მელიაც დაესწრება. სავარაუდოდ, მოსამართლე 13 აპრილის სხდომაზე მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელებს, ვინაიდან 17 აპრილისთვის იწურება ორთვიანი პატიმრობის ვადა.
მოამბე