ნიკა მელიას სასამართლო პროცესი

მოვლენების ეპიცენტრში დღეს საქალაქო სასამართლოა. მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, წავა თუ არა ნიკა მელია ციხეში.

სასამართლო პროცესი მეექვსე საათია, პირდაპირ ეთერში გადაიცემა. იმ არგუმენტით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ელექტრონული სამაჯურის თვითნებური მოხსნის გამო გაზრდილი გირაოს თანხა დადგენილ ვადაში არ გადაიხადა, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლას ითხოვს, ადვოკატები კი ფიქრობენ, რომ მელიას მიმართ აღკვეთის არცერთი ღონისძიება არ უნდა იყოს გამოყენებული. დაცვის მხარეს აინტერესებს, რატომ მოახდინა პროკურატურამ რეაგირება მხოლოდ სამაჯურის მოხსნაზე, მაშინ როდესაც მელია გირაოს ფარგლებში დაკისრებულ სხვა შეზღუდვებს პირველ ნოემბრამდეც ხშირად არღვევდა. პოზიციების მოსმენის შემდეგ მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად გავა, თუმცა ცოტა ხნის წინ ადვოკატებმა მისი აცილება მოითხოვეს.

თეონა ხუბულავა ადევნებს თვალს რეზონანსულ სასამართლო სხდომას.