ნიკა მელიას საქმე და ამნისტიის შესახებ კანონპროექტები 

ევროკავშირის გირაო თუ ამნისტია – ამ დრომდე გაურკვეველი რჩება, თუ რომელი ფორმით დატოვებს ნიკა მელია ციხეს.

„ნაციონალური მოძრაობა“ თავმჯდომარის გათავისუფლებას ყოველგვარი დათქმის გარეშე, უპირობოდ ითხოვს. მელიასთან დღევანდელი ვიზიტის შემდეგ ადვოკატი ხელისუფლებას ასევე მიუთითებს, რომ გირაოს თანხის გადახდაზე პატიმრის თანხმობა საჭირო არ არის. პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი ლიდერის და მისი გუნდის პოზიცია გაუგებარია შარლ მიშელის შეთანხმების ხელმომწერთა ნაწილისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის გირაოზე თანხმობის სანაცვლოდ მელია ამნისტიის აქტის უკან გაწვევას ითხოვდა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ მის გასათავისუფლებლად მოძებნილ გზაზე აქტიური მუშაობა იწყება. ოპოზიციის შემდეგ ამნისტიის კანონპროექტის საკუთარი ვერსია გამოაქვეყნა „ქართულმა ოცნებამ“.