ნიკა მელია თავისუფალია.
ორთვენახევრიანი პატიმრობა ევროკავშირის გირაომ დაასრულა. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხვალიდან კონსულტაციებს იწყებს და დროს ითხოვს კითხვაზე, შევა თუ არა მისი პარტია პარლამენტში. თანაპარტიელებთან, არასაპარლამენტო პოლიტიკურ ძალებთან და საკანონმდებლო ორგანოში უკვე შესულ ოპოზიციასთან კონსულტაციების შემდეგ გაირკვევა, იქნება თუ არა ოპოზიციონერი ლიდერის გათავისუფლების შემდგომი ნაბიჯი 19 აპრილს გაფორმებული დოკუმენტის ხელმოწერა, ბოიკოტის შეწყვეტა და საპარლამენტო საქმიანობის დაწყება. მელია ადასტურებს, რომ პარტიის შიგნით პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის განსაკუთრებული მადლობა ლიეტუველმა დეპუტატმა მიიღო. მისი საქმის გარშემო დიდ საერთაშორისო რეზონანსს ნიკა მელია სწორედ ჟიგიმანტას პავილიონისის დამსახურებად მიიჩნევს.