ნიკა მელია - მე ამ სამაჯურს აღარ ვატარებ, რადგან ეს არის უსამართლობის სიმბოლო, ნახვამდის, სამაჯურო

„ნაციონალური მოძრაობის“ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, სადაც ოპოზიცია არჩევნების წინასწარ შედეგებს აპროტესტებს, სამაჯური, რომელიც შებმული ჰქონდა პრობაციის ეროვნული სამსახურის მიერ, ხალხში მოისროლა.

ნიკა მელიას თქმით, ის აღნიშნული სამაჯურის ტარებას აღარ ატარებს.

„ვფიქრობდი ცივი გონებით, გავაკეთო ის, რისი გაკეთებაც მინდა, ჯიუტი ადამიანი ვარ ბუნებით და რისიც მჯერა იმას ვაკეთებ. გამორიცხულია, რომ ჩემს თავთან არ ვიყო მართალი და ჩემს თავს ვუღალატო. ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. თუ ჩვენ ჩვენს თავს არ ვუღალატებთ, სხვებსაც ვერ ვუღალატებთ. მე აღარ ვაპირებ ამ სამაჯურის ტარებას. გამორიცხულია. მე ამ სამაჯურს აღარ ვატარებ, რადგან ეს არის უსამართლობის სიმბოლო, ეს არ ძალადობრივი სამაჯური, რომელსაც მე აღარ შევიბამ. ზუსტად ვიცი, ვიქნები ციხეში თუ ვიქნები თქვენთან ერთად ამ ბრძოლაში უახლოეს დღეებში, ერი გაიმარჯვებს. მე ვერ მოვთხოვ დედაჩემს, ჩემს მეგობარს, ჩემ ოჯახის წევრს, გამოდი, ვიბრძოლოთქო, მაშინ, როდესაც მე თვითონ ვარ სამაჯურშებმული. ამიტომ, ნახვამდის, სამაჯურო“, – განაცხადა მელიამ.

ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური 2019 წლის 3 ივლისს დაუმაგრეს. მანამდე, 27 ივნისს მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30-ათასლარიანი გირაო შეეფარდა. ნიკა მელიას გენერალურმა პროკურატურამ ბრალი 25 ივნისს 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე წაუყენა.