ნიკა მელია დაკავებულია.
გიორგი გახარიას გადადგომის გამო „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის დაპატიმრების დროებით გადადებული ოპერაცია ხუთი დღის შემდეგ ჩატარდა. სამართალდამცავები პარტიის ოფისთან დილის რვის ნახევარზე გამოჩნდნენ. იყო მოწოდება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დამორჩილებისკენ, რასაც რეაგირება არ მოჰყვა. პარტიული აქტივის ნაწილის გაყვანის შემდეგ სპეცდანიშნულების რაზმი შენობაში შევიდა. მელია პარტიის ცენტრალური ოფისიდან ბორკილებდადებული გამოიყვანეს. ოპერაციის დროს სპეცრაზმმა წიწაკის ხსნარი გამოიყენა, დააკავეს და რამდენიმე საათში ხელწერილით გაათავისუფლეს 21 ადამიანი, მათ შორის გიორგი ბარამიძე.
ოპოზიცია ხელისუფლებას „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის დარბევასა და ძალისმიერი მეთოდების გამოყენებაში ადანაშაულებს. ბრალდებებს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმ კადრებით პასუხობს, სადაც სამართალდამცავებზე ძალადობის ფაქტებია ასახული.