ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი

თბილისის სააპელაციო სასამართლოში „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო იხილავს ნიკა გვარამიას წინააღმდეგ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეს. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქვთ, როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარეებს. ორივე მხარე დღეს დასკვნითი სიტყვით წარდგება. თბილისის საქალაქო სასამართლომ, 16 მაისს, „რუსთავი 2“-ის საქმეზე, ნიკა გვარამიას სამი წლითა და ექვსი თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა, კახაბერ დამენიას 50 000 ლარის ჯარიმა დააკისრა, ზურაბ იაშვილი კი, გაამართლა. პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ნიკა გვარამიას ასევე „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს, კახა დამენიას და „ინტერ მედია პლუსის“ დირექტორს, ზურაბ იაშვილს ბრალი 2020 წლის 6 სექტემბერს წაუყენა. გამოძიება ნიკა გვარამიას „რუსთავი 2“-ის ქონების გაფლანგვას, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა. „რუსთავი-2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს, კახა დამენიას კი, ტელეკომპანიის ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა ედებოდა ბრალად. რაც შეეხება ზურაბ იაშვილს, მას ბრალი კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი დოკუმენტების დამზადებაში ედებოდა.