რეაბილიტაციის დროს კულტურის სამინისტროს ავტოფარეხის ქვეშ აღმოჩენილი ძველი აკლდამებიდან ნეშტები ხოჯევანქის სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა სახელმწიფო პანთეონში გადაასვენეს. ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ თავდაპირველად ორი აკლდამა აღმოაჩინეს, რის შემდეგ სამუშაო პროცესი შეჩერდა და ადგილზე მოიწვიეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს არქეოლოგები.
სპეციალისტებმა სულ ხუთი ნეშტი აღმოაჩინეს, მათგან ორი იდენტიფიცირებულია საფლავის ქვებზე შემორჩენილი წარწერების წყალობით. ირკვევა, რომ ერთი საფლავი სომხური ტაძრის მღვდლის, მეორე კი მისი მეუღლისაა. საქართველოში სომხური სათვისტომოსა და სომხეთის სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღოლის შეთანხმების საფუძველზე, ყველა ნეშტი სომხურ პანთეონში გადაასვენეს.