ნეიტრალიტეტის საკითხი - პოლიტიკური განცხადებები

თემა, რომელიც ომის პარალელურად წარმოებულმა მოლაპარაკებებმა და სავარაუდო კომპრომისულმა წინადადებამ საქართველოშიც გაააქტიურა.

საუბარია ნატოში წევრობაზე უარსა და ნეიტრალიტეტზე, რომლის სანაცვლოდ უკრაინა კონკრეტულ პირობებს აყენებს და უსაფრთხოების მყარ გარანტიებს ითხოვს. შეიძლება თუ არა, რომ მსგავსი ულტიმატუმი რუსეთმა საქართველოსაც წაუყენოს – საკითხი შიდა პოლიტიკური ვნებათაღელვის საგანი ხდება.

მმართველი გუნდი ნეიტრალიტეტის თემას „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიზანმიმართულად აგორებულ კამპანიად აცხადებს და ოპონენტებს ახსენებს, რომ პირველად ეს თემა სასამართლო პროცესზე ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ახსენა. „ქართული ოცნება“ კონსტიტუციით გამყარებული დასავლური საგარეო კურსის უცვლელობას უსვამს ხაზს და პოლიტიკოსებს ნეიტრალიტეტზე საუბრის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. მიუხედავად იმისა, რომ თემის ანტისახელმწიფოებრივ დატვირთვაზე ყველა თანხმდება, ეს საკითხი მაინც გახდა პოლიტიკური ურთიერთბრალდებების მიზეზი.

ოპოზიცია თემის გააქტიურების მიღმა ხელისუფლების კვალს ხედავს.