NDI-ის კვლევის შედეგები

NDI მორიგი კვლევის შედეგებს აქვეყნებს – გამოკითხვის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, „ქართულ ოცნებას“ ხმას მისცემდა 20%, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 5%. 34% კი აცხადებს, რომ არცერთ პარტიას არ დაუჭერდა მხარს. ამავე კვლევის თანახმად, გასულ წელთან შედარებით, უფრო მეტი ადამიანი ფიქრობს, რომ საქართველო დემოკრატიულია. კითხვაზე, – თქვენი აზრით, საქართველოში ამჟამად არის დემოკრატია? – 39-მა პროცენტმა დადებითი პასუხი გასცა, 42-მა – უარყოფითი, ხოლო 17-მა არ იცის. გასული წლის ივლისში ჩატარებულ კვლევაში დადებითი პასუხის მაჩვენებელი იყო 30 პროცენტი. უარყოფითი კი 62. ამასთან, კვლევაში აღნიშნულია, რომ მათი წილი, ვინც საქართველოს დემოკრატიულ ქვეყნად მიიჩნევს, ყველაზე მეტად „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებსა და თბილისის მოსახლეობას შორის გაიზარდა.

კითხვაზე, მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი გახდეს ევროკავშირის წევრი? 82 პროცენტისთვის მისაღებია. რაც შეეხება ნატო-ს წევრობასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, ალიანსში გაწევრიანება ამ კვლევაში მონაწილეთა 73 პროცენტს სურს.

NDI-შეკითხვები დასვა მთავარ გამოწვევასთან დაკავშირებით. გამოიკვეთა ფასების ზრდა, სამუშაო ადგილები და სიღარიბესთან გამკლავება. როგორც კვლევაშია ნათქვამი, ყოველი მეორე მოქალაქე საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას უარყოფითად აფასებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობას კარგად აფასებს ცხრა პროცენტი, საშუალოდ – 42 პროცენტი, ცუდად – 48 პროცენტი. კვლევის ავტორები ასევე აღნიშნავენ, რომ თბილისელები და ოპოზიციის მხარდამჭერები ეკონომიკის მდგომარეობას სხვებზე უფრო კრიტიკულად აფასებენ.

აღნიშნული ანგარიში 17-23 მარტის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). მარტში ჩატარებული გამოკითხვა 1 032 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2 პროცენტია.

შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ IRI გამოაქვეყნა კვლევა. კითხვაზე, საპარლამენტო არჩევნები მომდევნო შაბათს რომ ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას – გამოკითხულთა 19 % ამბობდა, რომ „ქართულ ოცნებას“,  14 % კი „ნაციონალურ მოძრაობა – მიხეილ სააკაშვილს“.