პოლიტიკური პარტიების ახალი რეიტინგები.
„აიარაის“ კვლევის გასაჯაროებიდან ერთ კვირაში საკუთარი გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს „ენდიაი“. საზოგადოებრივი განწყობის კვლევა არაერთ მნიშვნელოვან ტენდენციას აჩვენებს. გამოკითხვის მიხედვით, მხარდაჭერის 20%-იანი მაჩვენებელი აქვს „ქართულ ოცნებას“, ოთხჯერ ნაკლები – „ნაციონალურ მოძრაობას“ და ჯამში 6% დანარჩენ პარტიებს. მართალია, კითხვა სხვანაირად იყო ფორმულირებული, თუმცა წინა, ანუ თებერვლის კვლევასთან შედარებით როგორც მმართველი, ასევე ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის რეიტინგები შემცირებულია. დღეს გასაჯაროებული გამოკითხვა მკვეთრად განსხვავდება „ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ მიერ წინა კვირას გამოქვეყნებულ კვლევასთან, რომლის მიხედვით „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერის მაჩვენებელი 14%-ს შეადგენს. ისევე როგორც წინა სოციოლოგიური გამოკითხვები, „ენდიაის“ ახალი კვლევაც აჩვენებს, რომ სულ უფრო მზარდია იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომელთა აზრით, მოსახლეობის ინტერესებს არც ერთი პოლიტიკური პარტია არ გამოხატავს.
გამოკითხვა 17-დან 23 მარტამდე ჩატარდა, ტელეფონით გამოიკითხა 1 032 ადამიანი, ცდომილების ზღვარი პლიუს-მინუს 2%-ია.