ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, არც მმართველი პარტია და არც არჩეული ოპოზიციური პარტიები მოქმედებენ – NDI-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, ასე მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს. კვლევის შედეგებში აღნიშნულია, რომ 14 პროცენტითაა გაზრდილი მათი რიცხვი, ვინც მიიჩნევს, რომ ოპოზიციური პარტიები ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებენ.
მოსაზრებას, რომ „მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ხალხისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს“, ბოლო კვლევით, 34 პროცენტი ეთანხმება, 59 პროცენტი არ ეთანხმება და 7 პროცენტი ამბობს, რომ არ იცის. ამასთან, მოსაზრებას, რომ „პარლამენტში და ადგილობრივ თვითმმართველობაში არჩეული ოპოზიციური პარტიები ხალხისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ“, 23 პროცენტი ეთანხმება, 67 პროცენტი არ ეთანხმება, 9 პროცენტი ამბობს, რომ არ იცის, ერთი პროცენტი კი, უარს ამბობს პასუხზე. ამასთან, კვლევის თანახმად, ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ოპოზიცია მათი ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებს.
NDI-ის ცნობით, მათი კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ. აღნიშნული ანგარიში 14 ივლისიდან–15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2 პროცენტია.