ევროკავშირთან ერთად საქართველო კონკრეტულ შედეგებს ელოდება ნატოს მოახლოებულ სამიტზეც.
ბრიუსელში მიმდინარე თავდაცვის მინისტერიალზე ქართულმა მხარემ მიიღო პირობა, რომ ორგანიზაცია საქართველოსთან პარტნიორობას და პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას გააძლიერებს. თანამშრომლობის გაღრმავების კონკრეტული ინსტრუმენტები დღეს არ დაზუსტებულა, თუმცა ხაზი გაუსვეს, რომ ღია კარის პოლიტიკისადმი და ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისადმი ერთგულება თვის ბოლოს დაგეგმილ მადრიდის სამიტზეც იქნება დადასტურებული. ალიანსის გასაძლიერებლად და თავდაცვის გასაძლიერებლად დაანონსდა რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაც. ალიანსის გენერალური მდივნის მთავარი გზავნილია, რომ მოახლოებული სამიტი გარდამტეხი იქნება რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის რუსეთის აგრესიის საფრთხის ქვეშ მყოფი ქვეყნებისთვის. საქართველოს მინისტერიალზე თავდაცვის მინისტრი წარმოადგენს, რომელიც ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა, მინისტრმა უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა.