უკრაინაში მიმდინარე ომის, შეცვლილი გეოპოლიტიკური სიტუაციის და გაუარესებული უსაფრთხოების ფონზე, ნატოს მადრიდის სამიტის მიმართ ინტერესი გაორმაგებული იყო.
ორგანიზაციის წევრები ალიანსის თავდაცვის და შეკავების პოლიტიკის ძვრაზე და უკრაინის გრძელვადიან მხარდაჭერაზე შეთანხმდნენ. იყო ერთიანობის დემონსტრირება მთავარი საფრთხის, ანუ რუსეთის მიმართ და საკმაოდ მწვავე გამაფრთხილებელი გზავნილები მოსკოვის მისამართით. არსებითი პაკეტი ნატოსთან საქართველოს თანამშრომლობის მთავარ ჩარჩოდ რჩება, თუმცა დოკუმენტს დაემატება ახალი მიმართულებები, რომლებმაც პარტნიორობა კიდევ უფრო მჭიდრო უნდა გახადოს. სამიტზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება და აღმოსავლეთ ფლანგზე პოზიციების გაძლიერება ნატოს პრიორიტეტულ ამოცანებად რჩება.