ნატოს სამიტი ვილნიუსში

ნატოს ვილნიუსის ისტორიული სამიტის კომუნიკე მზად არის.

დოკუმენტში საქართველო ორჯერ არის ნახსენები. გამეორებულია ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება. უკრაინისგან გასხვავებით, ხაზგასმულია, რომ პროცესის აუცილებელი ნაწილი იქნება ეროვნული სამოქმედო გეგმის, ანუ „მაპის“ მიღება. მოწოდებაა, რომ ქვეყანამ პროგრესს უნდა მიაღწიოს საკვანძო დემოკრატიულ რეფორმებში. მკაცრი გზავნილებია რუსეთის მისამართით. ისტორიულ სამიტზე დღის წესრიგის მთავარი თემა ნატოში უკრაინის მომავალია. ომში მყოფმა ქვეყანამ გაწევრიანების მიწვევა ვერ მიიღო, თუმცა კონკრეტული ვადების მითითების გარეშე გადაწყდა, რომ ქვეყნის ალიანსში გაწევრიანება მაპის გარეშე მოხდება.

ლიეტუვის დედაქალაქში მიმდინარე სამიტის პარალელურად, გამძაფრებულია შიდა პოლიტიკური ვნებათაღელვა. ოპოზიცია სამიტზე საქართველოს მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე წარმოდგენას აპროტესტებენ და გეოპოლიტიკურად ისტორიულ მომენტში ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ. ოპოზიციური ძალების პოზიციით, უკრაინისგან განსხვავებით, საქართველო გაწევრიანების პროცესის დასაჩქარებლად და ნატოში წევრობის სამოქმედო გეგმის, ანუ „მაპის“ გარეშე შესასვლელად არაფერს აკეთებს.